სერბეთის მოაქალაქე სინისა სიკმანი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც "ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის" ქართველ ახალგაზრდებს ამზადებს, სუს-ის ბრალდებებს უარყოფს.
ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა. ის განმარტავს, რა მიზნით იმყოფებოდა ქვეყანაში და რა შინაარსის ტრენინგებს ატარებდა.
"ჩემი და კანვასის მიზანი ტრენინგის ჩატარება იყო USAID -ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. გასული ორი წლის განმავლობაში, 4 ტრენინგი ჩავატარეთ სხვადასხვა ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, მე პირადად, რამდენიმე ვიზიტი მქონდა [საქართველოში] და მოვინახულე ისინი, ვისაც ტრენინგს ვუტარებდით.
სრულიად სხვადასხვა თემებზე იყო საუბარი. დავატრენინგეთ სტუდენტები, მშობლები, ვის შვილებსაც ონკოლოგიური პრობლემები აქვთ, ვიმუშავეთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საქართველოში ხისგან ნაგები ეკლესიების გადარჩენა უნდათ და ამ ბოლო, კონკრეტულ ჯგუფთან ერთად, რაც პრობლემა გახდა და არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. ეს კონკრეტული ჯგუფი შედგებოდა არტისტებისგან, ფილმის სცენარისტებისგან, მწერლებისგან და მუსიკოსებისგან", - აცხადებს ის.
სინისა სიკმანი ამბობს, რომ "სუს-ის ბრალდებების არ ეშინია, რადგან ეს ბრალდებები მცდარია".
"ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რაც ამ ბრალდებიდან მესმის, არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ რაიმე სახის ძალადობას საქართველოში. ეს სრულიად სასაცილოა.
ნებისმიერი, ვინც იცის, როგორ ვფუნქციონირებდით მილოშევიჩის დროს და როგორ დავამარცხეთ ის არჩევნების გზით, როგორი მუდმივად არაძალადობრივი იყო ჩვენი მიდგომა, ვერაფრით გაიგებს ამ მესიჯს, თითქოს ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოში რაიმე ძალადობრივის ჩადენა გვინდოდა. აბსოლუტურად სასაცილოა კანვასის დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენ ვართ ისინი, ვინც რაიმე ტიპის ძალადობრივ ქმედებას ჩავიდენთ. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია", - ამბობს ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "გადატრიალების საქმეზე" მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს.
მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.